logo
ENG



"შეწყდეს კოლაბორაციონიზმი მტერთან" - 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია გაიმართება

07 ნოე 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/07/n2uiaxo3esu0756.png

სტუდენტური მოძრაობის თავისუფლებისთვის ორგანიზებით, დღეს, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

აქციის სახელწოდებაა "ქართველი ხალხი რუსული ბოროტების წინააღმდეგ".

ორგანიზატორების განცხადებით, მთავარი მოთხოვნა იქნება, შეწყდეს მტერთან კოლაბორაციონიზმი.

განცხადება:

"სოფელ კირბალში რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულმა ენით აღუწერელმა სისატიკემ დღეს ყველა ქართველის გულში შეაღწია.

დუმილი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ არის გამოსავალი!
რუსული ბოროტების წინააღმდეგ დღეს ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და ეროვნული ერთიანობის საერთო სახალხო აქტი შედგეს ქვეყნის მთავარ გამზირზე.

ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, საღამოს 7 საათზე, გელოდებათ ყველას, ვისთვისაც ღირებულია საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი. ვინც ვერ იტევს ემოციას გულში და გრძნობს საჭიროებას, საკუთარი ხმა გააგონოს მთელს მსოფლიოს.

რუსული ბოროტების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ურყევი მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ გვესაჭიროება.

ჩვენი თანამემამულის, თამაზ გინტურის მიმართ ნასროლი ტყვია, არის ქართული სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის მიმართ გასროლილი ტყვია.

ეფემერული “მშვიდობა” მხოლოდ პროპაგანდისტულ ტექსტებად დარჩება. ქართველი ხალხი ვიმსახურებთ რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას!

დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მტრის მიმართ ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ წარმოებული ლოიალური პოლიტიკა არის არა უბრალოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სრულიად უკუშედეგის მატარებელი.

შეწყდეს კოლაბორაციონიზმი მტერთან! ხმა ავიმაღლოთ რუსული ბოროტების წინააღმდეგ! გამოდი უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისთვის! ჩვენი მხრიდან ერთობის დემონსტრირებას დღეს ყველაზე დიდი ძალა ექნება!"

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა